Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გერმანელი მეწარმის, პროფესორ კლაუს ჰიპისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლის, ბატონ ლაიფ შტრიოსნერის სტუმრობა

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ 20 აპრილს, მიიღო ცნობილი გერმანელი მეწარმე, პროფესორი კლაუს ჰიპი და მასთან ერთად, გერმანიის საელჩოს კულტურისა და ეკონომიკის განყოფილებების ხელმძღვანელი ბატონი ლაიფ შტრიოსნერი.

 

ბატონმა მერაბ ხოხობაიამ ბატონ ჰიპს გულითადი მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალწლიანი ნაყოფიერი და უანგარო მოღვაწეობისათვის და კმაყოფილება გამოთქვა, რომ თანამშრომლობა გრძელდება. მან ასევე მადლობა გადაუხადა ბატონ შტრიოსნერს სტუმრობისთვის და მზადყოფნა გამოთქვა გერმანიის საელჩოს ჩართულობით გერმანულ უნივერსიტეტებთან ახალი ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებისათვის.

 

20 აპრილს, ბატონი შტრიოსნერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაესწო პროფესორ კლაუს ჰიპის გერმანულენოვან ლექციას ბიზნესის ეთიკის გერმანული გამოცდილების შესახებ.

 

პროფესორი კლაუს ჰიპი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და საქართველოს საპატიო კონსული სამხრეთ გერმანიის მიწებზე. მრავალი წელია, იგი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რეგულარულად კითხულობს საჯარო ლექციებს, გერმანულ ენაზე, ეთუკური ბიზნესის მიმართულებით. ამასთან, იგი ყოველწლიურად ირჩევს საუკეთესო სტუდენტებს და სრული დაფინანსების პირობებში, იწვევს მათ გერმანიაში, საკუთარ საწარმოში, ერთთვიანი სასწავლო პრაქტიკის გასავლელად. ამ წლების განმავლობაში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მრავალმა სტუდენტმა გაიარა პრაქტიკა ბავარიაში მდებარე HIPP-ის საწარმოში და მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.

 

 

 

თარიღი: 20/04/2026